Tuesday, April 17, 2012

სვანეთის განძი

მუზეუმში გამოფენილი თოფები ხატი მესტიის მუზეუმიდან ძველი ფოტო ჯვარი მესტიის მუზეუმიდან
სვანეთის განძის დიდი ნაწილი მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია თავმოყრილი, რომელიც სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული უნიკალური მასალის ბაზაზე დაარსდა 1936 წელს. მუზეუმში წარმოდგენილია საგვარეულო ეკლესიებიდან გადმოტანილი ხელნაწერები, მრავალრიცხოვანი ჭედური და ფერწერული ჯვარ-ხატები, ანტიკური ხანის ოქროს მონეტები და ფეოდალური ხანის ეთნოგრაფიული ძეგლები, სვანეთის მთავართა – დადეშქელიანთა საგვარეულო ნივთები (სკივრები, ვერცხლით მოჭედილი უნაგირი და საოჯახო ნივთები), XIX ს-ის იტალიელი ფოტოგრაფის ვიტორიო სელას ფოტო-ექსპოზიცია, რომელიც ვიტორიო სელას შვილთაშვილმა მესტიის მუზეუმს საჩუქრად გადასცა. ვიტორიო სელამ 1889, 1890 და 1896 წლებში იმოგზაურა სვანეთში და ფირზე აღბეჭდა პეიზაჟები, დასახლებები და ადგილობრივ მკვიდრთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი კადრები.
ცნობილი ქართველი მთასვლელის მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმიც მესტიაში მდებარეობს, რომელიც 1983 წელს დაარსდა.
მესტიაში მდებარეობს სეტის წმ. გიორგის ეკლესია, რომელიც ზემო სვანეთის საერთო სალოცავია. ძველი ეკლესია დაინგრა და ხელახლა XVIII ს-ია აგებული. აქ XII-XIII სს-ის ხატები და ჯვრებია დაცული. XIII ს-ის მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი მესტიის ფუსდის ეკლესიაში.

No comments:

Post a Comment